წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში, მამაკაცის საძიებო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში დამატებითი ძალა ჩაერთო.
“პროცესში ჩართულია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით.
ასევე, ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს 6 მყვინთავი, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს 8 ნავითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით ახდენენ.
წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობს საძიებო სკანერის, ექოლოტის საშუალებით.
შემთხვევის ადგილზე მოეწყო სპეციალური საველე შტაბი, რომელსაც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი – დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს.
ახალგაზრდა მამაკაცის საძიებო სამუშაოები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ მამაკაცი, რომელსაც მდინარე რიონში ეძებენ, ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეა.
შსს-მ მამაკაცის გაუჩნარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.