ახალი ამბები მთავარი სამართალი

დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავეს

პოლიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე შ.ზ. დააკავა.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შ.ზ. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და განზრახ უკანონოდ დაკავების ბრალდებით დააკავეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და განზრახ უკანონოდ დაკავების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე შ.ზ. დააკავეს.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ზ.-მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით უზრუნველყო ერთ-ერთი მოქალაქის უკანონო დაკავება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე და 332-ე მუხლებით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

იტვირთბა....