ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხოშტარია პრეზიდენტზე: თუ უნდა კრიზისიდან გამოსავლის პოვნა, აიღოს კალამი და რურუა შეიწყალოს

მოძრაობა დროას ლიდერი ელენე ხოშტარია, პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას გაჟღერებულ გზავნილებს იწონებს.

როგორც ხოშტარიამ ტვ პირველთან საუბრისას განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა, თუკი სურს შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოსავალი იპოვოს,  გიორგი რურუას შეწყალებას ხელი უნდა მოაწეროს.

“საინტერესო გზავნილები ჰქონდა პრეზიდენტს, პირდაპირ მინდა ვთქვა. მე ვერავინ ვერ დამაბრალებს სიმპათიას პრეზიდენტის მიმართ, მაგრამ საინტერესო, განსხვავებული იყო მისი გზავნილები. არ ვიცი, ეს რით არის განპირობებული, ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ პრეზიდენტს აქვს დღეს რეალურად ბერკეტი. არავის არ ეკითხება იმას, რომ პრეზიდენტმა აიღოს კალამი ხელში და ხელი მოაწეროს გიორგი რურუას შეწყალებას… მე მინდა მივესალმო იმ სულისკვეთას, რომ პრეზიდენტი ეძებდეს გამოსავალს. მინდა, რომ დავინახო კონკრეტული ნაბიჯები. ეს იარაღი მის ხელშია. მე არ ვამბობ, რომ პრეზიდენტი ტაშს უნდა უკრავდეს ოპოზიციას. ვიცით მისი დამოკიდებულება. აქ არ არის ლაპარაკი, რომ მან პოლიტიკური პოზიცია შეიცვალოს… თუ მას მართლა უნდა კრიზისიდან გამოსავალი და არა რომელიმე მხარის მხარდაჭერა, პირდაპირ ამ წუთას შეუძლია, აიღოს კალამი და ფურცელი და ეს ნაბიჯი გადადგას. მაშინ, ის იქნება ზეპარტიული მოთამაშე ამ პოლიტიკური პროცესის”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და მმართველი პარტიის და ოპოზიის მეორედ ჩაშლილ მოლაპარაკებაზე თქვა, რომ კოვიდ-პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე, პოლიტიკური დაპირისპირება და პოლარიზაცია გაუგებარია.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ევროპული მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებზე, ორივე მხარე დათმობაზე უნდა წასულიყო.

იტვირთბა....