ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს ინფორმაციას, სადაც ნათქვამია, რომ მათ თანამშრომლებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.
როგორც ტელეკომპანია აცხადებს, ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ ფორმულას. კიდევ ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ მანქანაზე მინები, სავარაუდოდ, საქარე მინაზე ფორმულას საშვი ქონის გამო ჩაუმსხვრიეს.
ფორმულას გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების დაწყების დაჩქარებისკენ მოუწოდა.
“ჩვენს ერთ-ერთ მძღოლს ღამის 3 საათზე, კომენდანტის საათის დროს, მის მანქანას, რომელზეც არის ფორმულას ლოგოები, განხორციელდა ვანდალური თავდასხმა. ჩამსხვრეულია შუშები. ეს არ იყო ჩვეულებრივი თავდასხმა, რადგან მანქანიდან არ არის არაფერი ამოღებული. ადგილზე იმყოფებოდა პატრული, თუმცა რა ეტაპზეა გამოძიება არ ვიცით. მეორე ფაქტი უკავშირდება, ასევე ფორმულას მძღოლს, რომელსაც აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. ჩვენ ვთხოვთ კომპეტენტურ ორგანოებს დაინტერესდნენ მომხდარი ფაქტებით და გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს”, – განაცხადა ზუკა გუმბარიძემ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება ჯერ ოფიციალურად არ დაწყებულა.