კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს ეხმაურება და მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყანას თავისუფლება აჩუქეს.
მინისტრმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და მედიასთან 32 წლის წინ მომხდარზე ისაუბრა.
„9 აპრილს – ამ სისხლიან ღამეს, რუსის ჯარმა, რომელიც დღესაც ისევ ჩვენ ტერიტორიაზეა და ოკუპაცია აგრძელებს, დახოცა თავისუფლებისთვის მებრძოლი ჩვენი ქვეყნის შვილები.
მათ მადლობას ვუხდით და სიმბოლურად, კულტურის სამინისტროდან დღეს მადლობას ვუცხადებთ თავისუფლებისთვის მებრძოლ ქალებსა და კაცებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
1989 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია რუსმა ჯარისკაცებმა ქიმიური საშუალებებით, ჯავშანტექნიკითა და ცეცხლსასროლი იარაღით დაშალეს. შედეგად, დაიღუპა 21 დემონსტრანტი, მათ შორის ქალები და სკოლის მოსწავლეები. ქიმიური ნივთიერებებით მოიწამლა 2000-მდე ადამიანი, იყვნენ დაჭრილებიც.
ტრაგიკული დღიდან ზუსტად ორ წელში 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.