ევროპული საქართველოს – მოძრაობა თავისუფლებისთვის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ, რომელიც 9 აპრილის მემორიალთან მივიდა, 32 წლის წინ მომხდარ მოვლენებზე ისაუბრა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე ბოროტების იმპერიის – საბჭოთა კავშირის სარეპრესიო მანქანამ იმსხვერპლა.
ბოკერიას თქმით, საზოგადოების მორალური ვალია, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას გაუფრთხილდეს.
„ტრაგიკული დღეა, რა თქმა უნდა. ამ დღეს ბოროტების იმპერიის – საბჭოთა კავშირის სარეპრესიო მანქანამ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა. ამავე დროს, არის ქართული საზოგადოების გამარჯვების დღეც, ამ ტრაგედიის ფონზე. ეს არის დღე, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მყარად დააფიქსირა საკუთარი თავისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ ვიყოთ ბოროტების იმპერიის – საბჭოთა კავშირის, ან მისი მემკვიდრის – პუტინის რუსეთის კონტროლის ქვეშ. არასდროს არ ვიტყვით უარს ჩვენ თავისუფლებაზე. საბჭოთა კავშირის მემკვიდრე – პუტინის რუსეთის არის მთავარი საფრთხე ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენი მორალური ვალია, რომ ამ მსხვერპლის, ვინც 9 აპრილს შეეწირა, ხსოვნას გავუფრთხილდეთ და აღასდროს არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი თავისუფლება ვინმემ გარედან წაგვართვას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
1989 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია რუსმა ჯარისკაცებმა ქიმიური საშუალებებით, ჯავშანტექნიკითა და ცეცხლსასროლი იარაღით დაშალეს. შედეგად, დაიღუპა 21 დემონსტრანტი, მათ შორის ქალები და სკოლის მოსწავლეები. ქიმიური ნივთიერებებით მოიწამლა 2000-მდე ადამიანი, იყვნენ დაჭრილებიც.
ტრაგიკული დღიდან ზუსტად ორ წელში 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.