თბილისის მერმა, კახა კალაძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას, 32 წლის წინ მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში „ტრაგიკულად ჩაიწერა“.
„9 აპრილი არის დღე, რომელიც ტრაგიკულად ჩაეწერა საქართველოს ისტორიაში; 9 აპრილი არის დღე, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა და ეროვნული ერთობის სიმბოლოდ იქცა. 9 აპრილი არის დღე, როდესაც ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ამ ყველაფრისთვის მინდა, დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ჩვენს გმირებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
1989 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია რუსმა ჯარისკაცებმა ქიმიური საშუალებებით, ჯავშანტექნიკითა და ცეცხლსასროლი იარაღით დაშალეს. შედეგად, დაიღუპა 21 დემონსტრანტი, მათ შორის ქალები და სკოლის მოსწავლეები. ქიმიური ნივთიერებებით მოიწამლა 2000-მდე ადამიანი, იყვნენ დაჭრილებიც.
ტრაგიკული დღიდან ზუსტად ორ წელში 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.