საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს გმირები საბჭოთა კავშირმა იმსხვერპლა.
გახარია 32 წლის წინ მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს სოციალურ ქსელში განცხადებით ეხსმაურება და ამბობს, რომ ერთიანობა, რომელიც საზოგადოებამ 9 აპრილს აჩვენა, ქვეყანას დღესაც სჭირდება.
„უკვე 32 წელია ეს დღე ერთდროულად დიდი ტკივილით და სიამაყით გვავსებს. გვტკივა და პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის დანაშაულმა იმსხვერპლა.
გვეამაყება მათი და მთელი საქართველოს, ყველა თაობის ის სულისკვეთება, ერთიანობა და შემართება, რომელმაც ზუსტად ორ წელიწადში თავისუფლება მოგვიტანა, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შეუდგა სახელმწიფოს მშენებლობას.
დღესაც გვჭირდება ერთიანობის ის ხარისხი, რომელიც ჩვენმა ერმა არაერთხელ, მათ შორის, 1989 წლის 9 აპრილს აჩვენა, მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა“, – ნათქვამია გახარიას განცხადებაში.
1989 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია რუსმა ჯარისკაცებმა ქიმიური საშუალებებით, ჯავშანტექნიკითა და ცეცხლსასროლი იარაღით დაშალეს. შედეგად, დაიღუპა 21 დემონსტრანტი, მათ შორის ქალები და სკოლის მოსწავლეები. ქიმიური ნივთიერებებით მოიწამლა 2000-მდე ადამიანი, იყვნენ დაჭრილებიც.
ტრაგიკული დღიდან ზუსტად ორ წელში 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.