ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პაპუაშვილი: ვენეციის კომისიას შეუძლია ნახოს კანონი და დარწმუნდეს იმაში, რომ ყველა რეკომენდაცია ასახულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი, რომელმაც მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, კანონშემოქმედებაში ჩართული არ ყოფილა და ის კანონებს არ ეცნობა. პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები სრულად ასახავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და მას ვენეციის კომისიას გაუგზავნიან, რის შემდეგაც ისინი თავად დარწმუნდებიან ამაში, რომ რეკომენდაციები მიღებულ კანონში სრულად არის ასახული.

„სწორედ იმიტომ, რომ ცვლილებები დაკავშირებული იყო საფინანსო დახმარებასთან, იყო ეს ცვლილებები მიღებული და მასში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ასახულია. ევროკავშირის სპიკერის განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ, იმას შეეხებოდა, რომ საჭიროა მათი გადმოსახედიდან ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ ჩახედოს კანონს რამდენად სრულად არის ასახული რეკომენდაციები კანონში. რა თქმა უნდა, ვენეციის კომისია თავისუფალია, რომ ნახოს კანონი და დარწმუნდეს იმაში, რომ ყველა რეკომენდაცია ასახულია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ვენეციის კომისიას უკვე გადაეგზავნა.

ცნობისათვის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის საკითხს გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მიესალმება შერჩევის პროცესის სამართლებრივ ჩარჩოში ცვლილებების შეტანის ინიციატივას, თუმცა „გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეიმუშავა და მიიღო ცვლილებები ინკლუზიური კონსულტაციის პროცესის გარეშე“.

ევროკავშირი საქართველოს ურჩევს, რაც შეიძლება სწრაფად მოითხოვოს ვენეციის კომისიის შეფასება იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა მიღებული ცვლილებები წინა რეკომენდაციებს.

იტვირთბა....