ახალი ამბები მთავარი სამართალი

NGO-ები მთავრობას: გამოიყენოს ყველა მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვისთვის

არასამთავრობო ორგანიზაციები სოფელ შამგონას მიმდებარედ მდინარე ენგურის მიერ 4 ადამიანის გამორიყვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და შეშფოთებას გამოვთქვამთ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების არასათანადო დაცვის გამო.

NGO-ები აცხადებენ, რომ Covid-19 ვირუსის პანდემიის შედეგად ენგურზე გამშვები პუნქტის გაუფრთხილებლად და, განუსაზღვრელი ვადით ჩაკეტვამ მოსახლეობა ყველა საბაზისო და სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისზე წვდომას მოსწყვიტა. ამასთან, ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა სრულ იზოლაციაში და ჰუმანიტარულ კრიზისში მოექცა, რადგან მათ არ ჰქონდათ სათანადო სამედიცინო დახმარების, საკვების, პენსიის თუ სხვა აუცილებელი სერვისებით სარგებლობის საშუალება.

არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ  საბაზისო სერვისების მისაღებად ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოსახლეობისთვის ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინის დაწესებამ, ახალი ბარიერი შექმნა მოსახლეობის ცხოვრებაში.

“ბარიერების გამო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისაგან თავის შეკავებამ ან/და ე.წ “საზღვრის” გვერდის ავლით გადმოსვლამ საფრთხე შეუქმნა მოსახლეობის ჯანმრთელობას, ეკონომიკურ, ფიზიკურ და სხვა სახის უსაფრთხოებას. საბაზისო სერვისებზე ხელმისაწვდომობის და სოციალური დახმარებების მიღების მიზნით  გამშვები პუნქტის ავლით, გამყოფი ზოლის უკონტროლო გადაკვეთას დღემდე, არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა”, – ნათქვამია განცხადებაში.

NGO-ები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, გამოიყენოს ყველა შესაძლო დიპლომატიური და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვისთვის.

“გადაიხედოს  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შესახებ და მოხდეს გამშვებ პუნქტებთან მოსახლეობისთვის PCR ტესტების ჩატარება, რაც უზრუნველყოფს  მოსახლების დროულ და  უსაფრთხო გადაადგილებას; მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ საზღვრისპირა რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების საჭიროებების დაკმაყოფილება. მოახდინოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, საბუთების მოწესრიგების და შეწყვეტილი სოციალური შემწეობების აღდგენის  გამარტივებული ელექტრონული მექანიზმები”, – აცხადებენ მიმართვის ხელმომწერი ორგანიზაციები.

ამასთან, NGO-ები მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს და მოუწოდებენ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავჯდომარეთა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეთა აქტიური ჩართულობით, სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკება არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხო და შეუზღუდავი გადაადგილების საკითხზე;

“საერთაშრისო ორგანიზაციებმა გააქტიურონ ძალისხმევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათი წარმომადგენლობის მიერ სადამკვირვებლო საქმიანობის განსახორციელებლად და ადამიანის უფლებების მონიტორინგის მექანიზმის შესაქმნელად”, – ნათქვამია მიმართვაში.

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებენ, რომ დროულად გამოიძიოს მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამომწვევი მიზეზები და გამოკვეთოს პასუხისმგებელი პირები.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია თანხმობა;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – საია;

კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმი;

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი;

ფონდი აფხაზინტერკონტი;

ეწარმე ქალთა ფონდი;

ასოციაცია მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია;

მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი;

გუშინ ოკუპირებული აფხაზეთიდან საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს 4 მოქალაქე ცდილობდა, მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, მაგრამ მათ მდინარის გადმოლახვა ვერ შეძლეს და დაიღუპნენ.

იტვირთბა....