“მეტრონომი” დაყაჩაღების ფაქტს შეესწრო
“მეტრონომი” პირადად შეესწრო გამოძიების პროცესს. ამ წუთებში ბახტრიონზე “ლიბერთი ბანკის” ფილიალთან პოლიციაა მობილიზებული. რამდენიმე წუთის წინ 4 ნიღბიანი თავს დაესხა ბანკს და იარაღის მუქარით წაიღეს 13 ათასი დოლარი, 18 ათასი ლარი და 2 500 ევრო. “ოთხნი იყვნენ. ერთი მერე შევარდა. ავარდნენ დახლზე, მიახტნენ ოპერატორებს. ბღაოდნენ… ფული ფულიო…” – ამბობს ერთი თვითმხილველი, რომლის ვინაობა პოლიციამ უკვე იცის.
როგორც ირკვევა, ერთი იყო დაბალი, მსუქანი. მათ მუშის კომბინიზონები ეცვათ და პირი აკრული ჰქონდათ. გამოცვივდნენ, ერთ-ერთს იარაღი ჰქონდა, თუმცა სათამაშოს უფრო ჰგავდა.
“ლიბერთი ბანკის” გვერდით არის ეზო. მძარცველები იქეთ გაიქცნენ. ეზო ბახტრიონის ქუჩიდან გადის საბურთალოს ქუჩაზე. დიდი ვარაუდით, ისინი იქეთ გაიქცნენ, სადაც მანქანა ელოდებოდათ. თუმცა პოლიციელები საბურთალოს ქუჩამდე ეძებდნენ დამყაჩაღებლებს, მაგრამ ისინი ამ წუთამდე არსად ჩანან.
მძარცველები გარბოდნენ და ფული ცვიოდათ. პოლიციამ ცხელ კვალზე 200-300 ლარიც კი იპოვა. ყოველ შემთხვევაში, ასე ყვებოდა ადგილზე ერთ-ერთი პოლიციელი. “მეტრონომის” ფოტოკორესპონდენტსაც კი შეუბღვირეს პოლიციელებმა, როცა ის ფოტოებს იღებდა შემთხვევის ადგილზე. თუმცა, გაზეთის რედაქტორთან მცირე გასაუბრების შემდეგ, მას თავი დაანებეს.
ერთ-ერთმა პოლიციელმა ისიც კი თქვა დაჭრილიაო, მაგრამ თუკი ეს მართალია, დიდი ვარაუდით, მძარცველმა ფეხი მაშინ დაიზიანა, როცა საბურთალოს ქუჩისკენ გაქცეული, მშენებლობასთან გაკეთებულ რკინის ღობეს გადაეყარა. რკინის ღობე “მეტრონომს” გაგლეჯილი დახვდა.
“მეტრონომმა” მოახერხა ფოტოების გადაღება შემთხვევის ადგილზე.
მოლარე გოგონა სტრესულ მდგომარეობაშია, პოლიციამ სასწრაფოც გამოიძახა.
თვითმხილველის, გიორგი ჩიხლაძის განცხადებით, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა ბანკში, მოლარე გოგონას იარაღი შუბლზე დაადეს და ბანკიდან ფული წაიღეს. მოგვიანებით გამომძიებელმა დაგვიდასტურა, რომ ორი სავარაუდო დამყაჩაღებელი დაკავებულია.