პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს თქმით, სინოდის სხდომამდე ძალაში დარჩება ჭყონდიდის ეპარქიასთან დაკავშირებით მიღებული ის გადაწყვეტილებები, რაც ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ გამოაცხადა. ამის შესახებ მიტროპოლიტმა შიომ ჟურნალისტებთან კომენტირებისას აღნიშნა,
ამასთან, როგორც ირკვევა, 8 აპრილს 14:00 საათზე საპატრიარქოში ეპისკოპოსები შეიკრიბებიან და განხილვის მთავარი თემა ბოლო პერიოდში ჭყონდიდში განვითარებული მოვლენები იქნება.
“ის გადაწყვეტილება, რაც მიღებულ იქნა, სანამ არ განიხილავს წმინდა სინოდი, დარჩება ძალაში, რადგან სააპელაციო წერილი აქვთ შემოტანილი”, – განაცხადა მეუფე შიომ.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ შეიქმნება სინოდალური კომისია, რომელიც სავარაუდოდ მოგვიანებით უკვე შეისწავლის და განიხილავს მეუფე პეტრეს საკითხს.
ცნობისათვის, ჭყონდიდის ეპარქიაში ახლად მივლენილმა ეპისკოპოსმა, მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) 4 სასულიერო პირს ჩამოართვა მღვდელმოქმედების უფლება, მამა ათინოგენს (მდივანი) კი არქიმანდრიტის ხარისხი.
29 მარტის განკარგულებით, მან მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, დედა სოსანა (ბოლქვაძე) გაათავისუფლა წინამძღვრობიდან. მას ჩამოერთვა ზიარების უფლებაც. იგივე სასჯელი „ეკლესიაში განხეთქილების მცდელობასა და დაუმორჩილებლობის ქმედებებში მონაწილეობის გამო“ დაეკისრა კიდევ 10 სასულიერო პირს.