ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

გოცირიძე: როდესაც ხელისუფლებას უნდა, რომ ლარის თემა პანდემიას შეახოცოს, ლარი ორჯერ გაუფასურებული იყო მანამდე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტს არ უკავშირდება.

როგორც გოცირიძემ რუსთავი 2-ს უთხრა, იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკაზე პოლიტიკური პროცესები და პანდემია დიდ გავლენას ახდენს, დღევანდელი კრიზისული მდგომარეობა ქართული ოცნების რვაწლიანი არაეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგს წარმოადგენს.

„კონტექსტიდან ამოგლეჯილია, რომ ეკონომიკა ცუდად არის და ეს ოპოზიციის ბრალია. თავიდან ლარის გაუფასურებას ჟურნალისტებს გაბრალებდნენ, მერე ეროვნული ყოფილ პრეზიდენტს. პარლამენტში არის ბერკეტი – ოთხი წელი ვიყავი პარლამენტში და ამ ოთხი წლის განმავლობაში გაუფასურდა ყველაზე მეტად ლარი. ათი ძალიან კარგი კანონპროექტი ჩამიგდო მთავრობამ. ერთი მოიპარა და სამი თვის შემდეგ თვითონ გაიტანა… ასეთი ინტერპრეტაცია, რომ თურმე ოპოზიციის ბრალია ან თუნდაც პოლიტიკური პროცესების ბრალია, არ არის ეს მარტო, თუმცა პოლიტიკური პროცესები ძალიან დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. ინვესტიციებმა, ფაქტობრივად, ზურგი გვაქცია. არნახული კლებაა ინვესტიციების და ეს არ იყო გამოწვეული მხოლოდ პანდემიით. პანდემიამდე დაიწყო ეს პროცესი. და როდესაც ხელისუფლებას უნდა, რომ ლარის თემა პანდემიას შეახოცოს, ლარი ორჯერ გაუფასურებული იყო მანამდე. ანუ იმ რვაწლიანი პოლიტიკის შედეგია ის, რასაც ახლა ვიმკით… პოლიტიკური კრიზისიც შუაშია, მაგრამ ვინ შექმნა პოლიტიკური კრიზისი? კრიზისი ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია ეკონომიკური რეფორმების გატარება“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 65% ქვეყნის წინაშე არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ეკონომიკასა და უმუშევრობას ასახელებს.

გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის გაზრდილი ფასები და ცხოვრების გაუარესებული პირობები.

26% მთავარ პრობლემად სიღარიბეს, ხოლო 16% კორონავირუსს ასახელებს.

 

იტვირთბა....