ქართველ მწერალ გურამ დოჩანაშვილს დღეს, საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ. დაკრძალვამდე, სამების საკათედრო ტაძარში მწერლის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. გურამ დოჩანაშვილის ცხედარი სამების ტაძარში გუშინ დაასვენეს.
მწერალი 3 აპრილს გარდაიცვალა.
გურამ დოჩანაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1966 წლის 7 აპრილს გამოიცა მისი პირველი წიგნი „მთის გადაღმა“. 1961 წელს დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“.
1962-1975 წლებში გურამ დოჩანაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო. ამ პერიოდში მწერალი მონაწილეობდა ქვის ხანის 30-მდე ძეგლის შესწავლაში.
1975-1985 წლებში ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე იყო, მწერალთა კავშირში ხელმძღვანელობდა პროზის სექციას. 1985 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარ რედაქტორად.
გურამ დოჩანაშვილის ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებებია – „სამოსელი პირველი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები“.
ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია რომანისთვის „ბრმადყოფილზე“. 2020 წელს დოჩანაშვილს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.