„ჩარევის წინააღმდეგი ვარ“ – რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნის შემდეგ ირაკლი აბუსერიძე პირველ კომენტარს აკეთებს.
“ჩემთვის რაგბი და რაგბის ფასეულობები ძალიან მნიშვნელოვანია. წინასაარჩევნო პერიოდს ბევრი ჭორი ახლდა, ბევრი სირთულე იყო. წლების განმავლობაში გუნდურად მოვდიოდით და არ მინდოდა ამ გუნდურობაში რაიმე ბზარი გაჩენილიყო. ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება. ნამდვილად არ მიღირს არანაირი სათავე თუ თანამდებობა იმისთვის, რომ ამ ერთიანობას ბზარი გაუჩნდეს”, – განაცხადა “ინტერპრესნიუსთან” აბუსერიძემ.
მისი მტკიცებით, პრეზიდენტობის მეორე კანდიდატთან გიორგი ნიჟარაძესთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. და ორივე კანდიდატმა გადაწყვეტილებები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიიღეს.
“ჩარევის წინააღმდეგი რომ ვარ, ეს განცხადებაზე ჩემი ხელმოწერითაც დავადასტურე. ამ ჭორების და იმ ჩირქის მოცხობის გამო მივიღე ასეთი გადაწყვეტილება. ერთი წელია ხელისუფლებაში ვარ, ცხოვრების ნახევარზე მეტი კი რაგბიში გავატარე და რა შუაშია ის განცხადებები, რომ მე სახელისუფლებო კანდიდატი ვიყავი? რადგან ხელისუფლებაში ვარ, უფლება არ მქონდა რომ პრეზიდენტობისთვის მებრძოლა?!”, – ამბობს აბუსერიძემ.
აბუსერიძე თბილისის საკრებულოში უმრავლესობის წევრია. ასევე რაგბის კავშირის სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებს, სადაც მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.
ირაკლი აბუსერიძემ და გიორგი ნიჟარაძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურები გუშინ მოხსნეს. არჩევნებში სხვა კანდიდატები არ მონაწილეობდნენ, რის გამოც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის 20 დეკემბერს დაგეგმილი არჩევნები, სავარაუდოდ, გადაიდება.
წყარო: ინტერპრესნიუსი