საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, პოლიტიკურ და საჯარო პირებს შორის პერსონალურ რეიტინგში პატრიარქი, გიორგი გახარია და კახა კალაძე ლიდერობენ.
კითხვაზე, „ჩამოთვლილი პოლიტიკოსებიდან და საჯარო პირებიდან, რომელია თქვენთვის მისაღები“, გამოკითხულთა 89%-მა პატრიარქი, 65%-მა გიორგი გახარია, 54%-მა კი, კახა კალაძე დაასახელა.
გამოკითხულთა 52% ასახელებს დავით ბაქრაძეს, 42% ნიკა მელიას, 40% ბიძინა ივანიშვილს, 39% გიორგი ვაშაძე „სტრატეგია აღმაშენებელს“, 36% დავით უსუფაშვილს, 33% არჩილ თალაკვაძეს, 33% ირაკლი კობახიძეს, 31% სალომე ზურაბიშვილს, 29% გიგი უგულავას, 27% შალვა ნათელაშვილს, 26% მამუკა ხაზარაძეს, 26% ალეკო ელისაშვილს, 24% ლევან ხაბეიშვილს, 21% ზურაბ გირჩი გაფარიძეს, 21% ირმა ინაშვილს, 20% ნინო ბურჯანაძეს, 17% ბადრი ჯაფარიძეს.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში.
საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ.
მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.