საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ ორი კვირის წინ, ძგიდისა და პოლიპის ოპერაცია გაიკეთა.
მისი განმარტებით, ის ახლა არა კლინიკაში, არამედ სახლში იმყოფება.
„ახლა ვიმყოფები სახლში, აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ, კლინიკაში მოთავსებული არ ვიყავი. თუ ძველ ამბავს მეუბნებით, ჩემი მინისტრობის პერიოდის ამბავია – წასვლამდე, დაახლოებით, 10 დღის, 2 კვირის ამბავია – პოლიპი გამიკეთეს და ცოტა ძგიდე გამისწორეს, მაგრამ ეს იყო 20-წუთიანი თემა, მეტი არ ვიცი და თუ თქვენ რამე იცით ვინმემ, მითხარით. ეს ჩემ წასვლამდე ამბავი იყო, კლინიკაში გავიკეთე და წამოვედი“, – უთხრა მაჭავარიანმა „ინტერპრესნიუსს“.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, აღნიშნულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ფინანსთა ყოფილი მინისტრი დაზიანებებით კლინიკაში იყო მოთავსებული. სააგენტო წერდა, რომ მაჭავარიანი იმ დღეს, როდესაც მან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, უკვე კლინიკაში იმყოფებოდა.