ახალი ამბები სამართალი

„8 აპრილს მოვისმენთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც გაახმოვანებს სასამართლო“ – ნიკა მელიას ადვოკატი

„დიდი ალბათობით, 8 აპრილს მოვისმენთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც გაახმოვანებს სასამართლო“, – ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ნიკა მელიას სასამართლო პროცესის 8 აპრილს ჩანიშვნას.

როგორც კონდახაშვილმა „მთავარ არხს“ განუცხადა, კანონით ხელმძღვანელობის შემთხვევაში, მოსამართლემ ოპოზიციური პარტიის ლიდერის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ილუზია არავის არ გვაქვს, რომ სასამართლოში მიიღება გადაწყვეტილება…. თუ ამას კანონის თვალთახედვით შევხედავთ, არ არსებობს 1% იმისა, რომ მოსამართლემ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ნიკა მელია დატოვოს პატიმრობაში. ჩვენ წარვდგებით შუამდგომლობებით – ახალ, ძალიან მნიშვნეროვან მტკიცებულებებს წარვადგენთ საქმეზე. ეს არის მტკიცებულებები, რომლებიც ფაქტობრივად, გამოვლინდა სასამართლო პროცესის შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს ნიკა მელიას საქმის პოლიტიკურ მოტივაციას“, – აცხადებს გიორგი კონდახაშვილი.

სასამართლო პროცესი ხუთშაბათს, 8 აპრილს არის ჩანიშნული.

ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

 

იტვირთბა....