ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხაზარაძე: ოპოზიცია და ,,ლელო“ მზადაა, მოლაპარაკებები გააგრძელოს

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ოპოზიცია და ,,ლელო“ მზადაა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები გააგრძელოს.

„რა თქმა უნდა, რესურსი არსებობს, თუ გაჩერდება ამ ფორმატზე თავდასხმა, რაც ,,ქართული ოცნების“ მხრიდან არაერთხელ დავინახეთ. თავდასხმა იყო, როცა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს იყო უპერსპექტივო, უშინაარსო მოლაპარაკებების ფორმატი. შეგახსენებთ, რომ საუბარია პრეზიდენტ მიშელის ფორმატზე. ასეთი თავდასხმები უნდა გაჩერდეს. ოპოზიცია და ,,ლელო“ მზადაა, მოლაპარაკებები გააგრძელოს, რათა ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკა საპარლამენტო სივრცეში შევიდეს“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისათვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეიცალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის შეხვედრა დღეს, 30 მარტის 17:00 საათიდან მიმდინარეობდა. მოლაპარაკებების მაგიდასთან პარტიებიდან წარმოდგენილნი იყვნენ: “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, რესპუბლიკური პარტია, “გირჩი”, “ლელო”, “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “მოქალაქეები”. შეხვედრას არ ესწრებოდნენ “ლეიბორისტული პარტიისა” და “პატრიოტთა ალიანსის” წევრები.

წინა დღით ცნობილი გახდა, რომ კრისტიან დანიელსონს, როგორც მედიატორს, სწორედ 30 მარტის შეხვედრაზე უნდა წარმოედგინა შეთანხმების დოკუმენტის პროექტი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი იმედოვნებდა, რომ პარტიები პასუხისმგებლობას აიღებდნენ და შეთანხმების დოკუმენტს ხელს მოაწერდნენ. კრისტიან დანიელსონი პარტიებს შორის მედიაციის მიზნით საქართველოს უკვე მეორედ, მას შემდეგ ესტუმრა, რაც მოლაპარაკებების პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

 

იტვირთბა....