თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ კლინიკა დატოვა. მისი თქმით, თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ რამდენიმე დღე სახლში აპირებს მკურნალობის გაგრძელებას.
“პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც მგულშემატკივრობდა. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ექიმს, ექთანს, ვინც ჩემს გამოჯანმრთელებაში იყო ჩართული. მინდა დავასახელო ექიმები – ბატონი ზურაბ ფაღავა, მამუკა ბოკუჩავა, ეკატერინე ხარხელი, არ მინდა ვინმე გამომრჩეს. მდგომარეობას რაც შეეხება, თავს უკეთესად ვგრძნობ, მაგრამ გარკვეული პერიოდი სახლში უნდა გავაგრძელო მკურნალობა”, – აცხადებს კალაძე.
კალაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფეისბუქზე გუშინ, 26 მარტს დაწერა. თბილისის მერის თქმით, მას ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია დაუდასტურდა და კვლევებს იტარებდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა. ექიმის თქმით, კალაძეს ვესტიბულოპათია აქვს.