დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე მაჭავარიანის ქუჩის მეწყრის რეკომენდაციებს და დასკვნებს აქვეყნებს.
დასკვნებიდან გამომდინარე თეა გოდოლაძე facebook-ში წერს, რომ მაჭავარიანის ქუჩის ბლოკური მეწყერი დინამიკაშია.
დასკვნები და რეკომენდაციები სრულად:
- მეწყრის გამომწვევი მიზეზები: მაჭავარიანის ქუჩაზე წარმოებული გზის გაფართოება-გაყვანის და წყალსადენის მილების რეაბილიტაციის დროს წარმოებული სამუშაოები (ფერდის დატვირთვა).
- მაჭავარიანის ბლოკური მეწყრის სხეული განიცდის ინტენსიურ დეფორმაციას. დაძაბულობის სრული ველის შესაფასებლად აუცილებელია აპარატურა, რომელიც დაკვირვების რეზოლუციას გაზრდის.
- მაჭავარიანის ბლოკური მეწყრის სხეული დანაწევრებული და არაერთგვაროვანია, შესაბამისად მოწყვეტის შემთხვევაში, დიდი ალბათობაა არაერთგვაროვანი და დანაწევრებული მასა დაიძრას. გეოფიზიკურ პროფილებზე ცხადად დაიკვირვება შესაძლო მოწყვეტის ზედაპირები.
- მეწყრის მოწყვეტის ფაზის შესაძლო იდენტიფიკაციისათვის საჭიროა სპეციალური აპარატურა, რომელიც მაღალი სიზუსტით მოგვცემს საშუალებას განვსაზღვროთ სხეულის გადაადგილება, სიჩქარე და აჩქარება. (ლიდარული გადაღება, ექსთენსომეტრი, ვიწრო სიხშირულსპექტრიანი სეისმომეტრები და სხვა).
- მეწყრის დაძვრის შემთხვევაში, აუცილებელია განვიხილოთ ყველა შესაძლო ექსტრემალური სცენარი, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
- სრულყოფილი მონიტორინგისათვის აუცილებელია მეწყრის პერიმეტრის რეგულარული დაცვა, ზედმეტი ვიბრაციის, ფერდის დატვირთვის თავიდან ასაცილებლად და ფონური ხმაურის დასაწევად.
- ბლოკური მეწყრის ხასიათის, გავრცელების არეალის ტოპოგრაფიიდან გამომდინარე, შედარებით მცირეა ალბათობა იმისა, რომ დაძრული მასა გელოვანის გამზირამდე ჩავიდეს, მაგრამ მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მცირე ალბათობაც გასათვალისწინებელია.
- ვინაიდან მეწყრის გავრცელების არეალის ზუსტი პროგნოზირება ხშირად შეუძლებელია, აუცილებელია გავრცელების სავარაუდო არეალიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე დროებით გადაყვანა.