ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ზურაბ ბატიაშვილი: უკრაინა და საქართველო არის ის, რის გადატეხასაც ცდილობს რუსეთი გეგმის შესასრულებლად

ბოლო პერიოდში სხვადასხვა წყაროებში გავრცელებული ინფორმაციითა და ვიდეოკადრებით, სამხედრო კოლონების გადაადგილება შეინიშნება ფრონტის ორივე მხარეს, როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე. ადგილობრივი წყაროები იუწყებიან, რომ შეხების ხაზზე ადგილი აქვს მცირე შეტაკებებსაც.

მეტრონომი დაინტერესდა ამ თემით, თუ რა საფრთხის შემცველია საქართველოსთვის უკრაინის აღმოსავლეთით კონფლიქტის გამწვავება? რამდენად მოსალოდნელია კონფლიქტმა ფართო მასშტაბები მიიღოს? ამ თემებზე სასაუბროდ დავუკავშირდით რონდელის ფონდის მკვლევარსა და აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილს.

ბატონო ზურაბ, რამდენადაა შესაძლებელი, რომ ეს სამხედრო აქტიურობა  ფართომასშტაბიან კონფლიქტში გადაიზარდოს?

ძალიან მნიშვნელოვანია, ის რომ ახლა დაიწყება პროვოკაციები და ნერვების ომი. პირველ რიგში ფსიქოლოგიური ომი. უკრაინული მხარისთვის მნიშვნელოვანი იქნება ამ პროვოკაციებს არ აჰყვეს. თუმცა ეს იქნება ძალიან ძნელი. რუსეთი ამ საქმის დიდოსტატია. შეიძლება სხვა არაფერი იცოდეს, მაგრამ მსგავსი საკითხები რუსეთში მაღალ დონეზეა. ეს დავინახეთ საქართველოსთან მიმართებაში. ახლა ვხედავთ უკრაინასთან მიმართებაში. კონკრეტულად რა ფორმით და როდის დაიწყება კონფლიქტი ამის თქმა ძნელია. ერთი რაც შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რუსეთისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ. მას ეს არაერთხელ გაუკეთებია და იგივე სცენარის განმეორებას ცდილობს უკრაინაშიც. ერთი ის განსხვავებაა, რომ უკრაინა საქრთველოსთან გასხვავებით დიდი ქვეყანაა და ასეთი ადვილი გასეირნება არ ექნება.

სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ თუ  დიდი ომი დაიწყო, შეიძლება სწორედ აქ გადაწყდეს ახალი საბჭოთა კავშირის შექმნა-არ შექმნის ბედი. ფიქრობთ, რომ ეს გადამწყვეტი ბრძოლაა?

საბჭოთა კავშირი რომ აღდგეს, ამისთვის საჭიროა ორი რამ. რუსეთი აკონტროლებდეს უკრაინასა და აკონტროლებდეს კავკასიას. კავკასიაში თითქმის ყველაფერს აკონტროლებს , გარდა საქართველოსი. უკრაინა და საქართველო არის ის, რის გადატეხასაც ცდილობს რუსეთი ამ გეგმის შესასრულებლად.

თუ კონფლიქტი ფართო მასშტაბებს მიიღებს, რა გეოპოლიტიკური საფრთხეები შეიძლება იყოს საქართველოსთვის?

ჩვენ უკვე გვეხება ეს კონფლიქტი. არაა საჭირო რომ ტანკებით იყოს ეს ბრძოლა. ბრძოლა მიდის საინფორმაციო. რბილი ძალის გამოყენებით. პოზნერის ჩამოსვლაც ამ ბრძოლის ნაწილია. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება, როგორც რუსეთის გუბერნია უკვე ისე იქცევა. მათი ეს ქმედებები კი დასავლურ ღირებულებებს გვაშორებს. ვნახეთ ხელცარიელი გაშვებული დანიელსონი. ვნახეთ ევროკავშირის საკმაოდ მკაცრი განცხადებები. ეს ყველაფერი არის ამ დიდი სურათის ნაწილი.

ამერიკის როლი რა შეიძლება იყოს? თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ჩაერთოს ამ კონფლიქტში?

ამერიკა უკვე ჩართულია ამ მოვლენებში. ბაიდენის ადმინისტრაციას საკმაოდ მკაცრი  მიდგომები აქვს რუსეთის მიმართ. კონკრეტიკა ალბათ მალე გამოიკვეთება. მათ შორის საქართველოსა და უკრაინის მიმართულებით იმ დიდ სურათში, რასაც რუსეთის შეკავების ხელახალი პოლიტიკა შეიძლება ეწოდოს. იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო ხედავს რუსეთის მზარდ ამბიციას და არა მხოლოდ ამბიციას, არამედ კონკრეტულ ქმედებებს, რომელიც სცდება საერთაშორისო ნორმებს.

 

 

ესაუბრა: ტატო ჩახნაშვილი

იტვირთბა....