უკრაინის დაზვერვა ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები მიანიშნებს რუსეთის მხრიდან ფართო მასშტაბიანი პროვოკაციის მომზადებას.
“ამ პროვოკაციის მიზანია, დონბასისა და ლუგანსკის რაიონებში რუსეთის სამხედრო გავლენის გაზრდა. მიზეზად, სავარაუდოდ შეიძლება გამოყენებული იყოს საკუთარი მოქალაქეების დაცვა რუსეთის მხრიდან, რასაც შესაძლოა სამხედრო დაპირისპირება მოჰყვეს”, – ნათქვამია უკრაინის მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ჩაკეტა ყირიმთან დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც ქერჩის სრუტის გავლით აკავშირებს ნახევარკუნძულს რუსეთის ფედერაციასთან.
მიმდინარე პროცესებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც გამოეხმაურა: “ფართო მასშტაბიანი ომის მცდელობა უკრაინის აღმოსავლეთში დაამთავრებს უკრაინის სახელმწიფოს”, – თქვა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში სხვადასხვა წყაროებში გავრცელებული ინფორმაციითა და ვიდეოკადრებით, სამხედრო კოლონების გადაადგილება შეინიშნებოდა ფრონტის ორივე მხარეს, როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე.