კოკაინის საქმეზე ზაუტაშვილმა პირველი განცხადება გააკეთა
ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულმა ანასტასია ზაუტაშვილმა შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა.
ზაუტაშვილი ჟურნალისტებს ადვოკატის მეშვეობით, ტელეფონით ესაუბრა. მისი თქმით, “ზღაპარია ის ინფორმაცია, რომელიც ალეკო ელისაშვილმა და ქორიძემ გამოძიებას მიაწოდეს”.
“არასოდეს არ მითხოვია შეწყალება. ყოველთვის ვითხოვდი გამართლებას. პროკურატურა ჩემს საქმეს გადახედავს და თვითონ გამამართლებს. როდესაც ალეკო ელისაშვილი გახდა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, იგი შემოსული იყო ციხეში. ამას ესწრებოდნენ სხვა მსჯავრდებულებიც. მან თქვა, რომ ჩემს საქმეს იცნობს და მითხრა, რომ ადვოკატებს მიეტანათ კომისიაში განცხადება, რომ უდანაშაულო ვარ, რის შემდეგაც პრეზიდენტს თვითონ შეუტანდა ჩემს საქმეს. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე შეწყალების შესახებ განცხადება დამეწერა და ამის შემდეგ მოვიკითხე მანანა კობახიძესთან ჩემი საქმე. მანამდე შეწყალება არ მითხოვია. ვითხოვდი გამართლებას” – ამბობს ზაუტაშვილი და ხაზს უსვამს, რომ ის უკანონო პატიმარია.
“ზღაპარია ფულის გადახდასთან დაკავშირებით განცხადებები. კანფეტიც არავისთვის მიმიცია”, – ამბობს ზაუტაშვილი, რომელიც ე.წ. კოკაინის საქმეზე 2010 წელს სხვა პირებთან ერთად დააკავეს და უმაღლესი სასჯელი მიუსაჯეს.
მსჯავრდებულმა ეკა ბესელიაც ახსენა და თქვა, რომ ”მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი მისამართით უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რადგან ბესელია მათ საქმეზე უმოქმედო იყო”.