ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ კვლავ ტარდება მრავალრიცხოვანი ქორწილები და ქელეხები, რაც ეპიდმდგომარეობაზე აისახება. მან მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შეზღუდვების გამკაცრების თავიდან აცილება მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი. მისი თქმით, თუ ინფიცირების მაჩვენბლები არ გაიზრდება, ხელისუფლება ე.წ “ჩაკეტვაზე” უარს იტყვის.
“მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვნად შემცირებულია პირბადის გამოყენება, ასევე არ ვიცავთ სოციალურ დისტანციას, სავარაუდოდ პირადი ჰიგიენის ზომებიც არ არის სათანადოდ დაცული. დღევანდელი ეპიდმდგომარეობა ნამდვილად საყურადღებოა, განსაკუთრებით რამდენიმე რეგიონში: ეს არის გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი. ასევე საყურადღებო არის თბილისიც. მხოლოდ მოსახლეობის აქტიურობით ყველა ღონისძიების მიმართ და ყველა წესის დაცვით, მთავრობა შეძლებს, რომ დაძლიოს ეს კრიტიკული პერიოდი და შევძლებთ თანაბრად გავიაროთ მესამე ტალღა და არ გვქონდეს ის მაღალი მაჩვენებლები, რაც ნოემბერსა და დეკემბერში გვქონდა.
ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იქნება თანმიმდევრული და არ ვიქნებით არანაირი ჩაკეტვის მომხრე, ვინაიდან ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე აისახება“, – განაცხადა მინისტრმა.