“ალეკო ელისაშვილის მიერ პროკურატურაში მოტანილ მობილურ ტელეფონში არ აღმოჩნდა იმ მაღალჩინოსნების მესიჯები, რომლებსაც ის ასახელებს,” – განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა, კოკა კაციტაძემ. მისივე თქმით, ელისაშვილმა ტელეფონის ტექნოლოგიური ექსპერტიზა მოითხოვა, რომელიც დაადგენს, რა შინაარსის ინფორმაცია არსებობდა ტელეფონში.
პროკურორი განმარტავს, რომ ტელეფონში ამჟამად არსებულ მესიჯებს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან კავშირი არ აქვს.
“ალეკო ელისაშვილმა დამატებითი დაკითხვისას წარმოადგინა მობილური ტელეფონი, რომელშიც იმ მაღალჩინოსნების სმს-ები უნდა ყოფილიყო, რომლებიც მან გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში დაასახელა. მისი თანდასწრებით მოხდა აღნიშნული ტელეფონის დათვალიერება, თუმცა იქ მაღალჩინოსნების მიერ გაგზავნილი სმს-ები არ აღმოჩნდა,” – განაცხადა კოკა კაციტაძემ.
ჩვენ ამ წუთამდე ვცდილობთ ელისაშვილთან დაკავშირებას, მაგრამ მას ტელეფონი გათიშული აქვს.