არასამთავრობო ორგანიზაციამ „იარე ფეხით“ „მეტრონომს“ დაუდასტურა მათ მიერ გავრცელებული განცხადება, რომ პარლამენტმა მოძრაობის წესებთან დაკავშირებულ კანონპროექტს დაამატა პუნქტი, რომლის მიხედვითაც ტროტუარზე ფეხით მოსიარულეთათვის და განსაკუთრებული უნარების მქონე პირთათვის ხელისშემშლელი ავტომობილი საჯარიმო სადგომზე გადავა. კანონპროექტის ძალაში შესვლის შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
“მოხარულნი ვართ, რომ სამოქალაქო მოძრაობამ ქვეითთა უფლებების დაცვის კუთხით, მათ შორის ჩვენ მიერ ორგანიზებულმა 6 დეკემბრის აქციამ არ დავთმობთ ტროტუარს – ტროტუარი ქვეითისაა! პირველი მცირე გამარჯვება მოგვიტანა. დღევანდელი წარმატება სამოქალაქო ჩართულობის კარგი მაგალითია: პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გაიზიარა ჩვენი შენიშვნები და ქვეითების სასარგებლოდ კანონპროექტში ცვლილებები შეიტანა.
აღსანიშნავი და სამწუხაროა, რომ ამ კანონპროეტით არ დაინტერესებულა თბილისის მერია, რომელიც არც საკომიტეტო განხილვაში მონაწილოებდა და არც წერილობით გამოუხატავს თავისი პოზიცია. მერიისგან განსხვავებით, შსს-მ საინტერესო კომენტარები წარმოადგინა განხილვაზე და შშმ პირებთა უფლებების დაცვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი კანონპროექტის საკუთარ ვერსიაში.
ჩვენ უკვე დავიწყეთ ქვეითთა მიმართებაში არსებული კანონმდებლობის სრული შესწავლა და ანალიზი. შემდეგი ნაბიჯია ახალ კანონპროექტი და საერთო კამპანია, ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან და მოქალაქეებთან ერთად, რომელიც უზრუნველყოფს ქვეითთა უფლებების დაცვას.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ აქციის ყველა მონაწილეს და მედიას მხარდაჭერისათვის, თითოეული ადამიანის ჩართულობა ქმნის შედეგს, რომელიც ჩვენი ქალაქის მომავლის განმსაზღვრელია”- განმარტებულია განცხადებაში.