„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საუბრისას განაცხადა, რომ – “რა ინფორმაციაც დღეს გამოვიდა, ჯერჯერობით არ იძლევა იმის პერსპექტივას, რომ დღეს კარგი შეთანხმება მოხდება.”
გიგი წერეთელმა ამვე გადაცემაშ საუბრისას არ გამორიცხა, რომ მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდი გახდეს საჭირო.
„შეიძლება განაცხადი იყოს, რომ პოზიციები დაახლოვდა ამ საკითხებში და ჩვენ დაგვჭირდება კიდევ ერთი რაუნდი. შეიძლება ასეც მოხდეს. კარგია, თუ გვეყოფა იმდენი სიმწიფე ყველას, რომ ჩვენს მოსახლეობას დამატებით არ „დავგრუზავთ“ და არ დავადებთ დამატებით ფსიქოლოგიურ ტვირთს რა და როგორ იქნება. ისედაც რთულ მდგომარეობაშია ხალხი“, – განაცხადა წერეთელმა.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს მედიაციას უწევს, თუმცა შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა.