„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, კრიზისის განმუხტვისთვის ერთ-ერთი პუნქტია, ორი ადამიანის ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება “რა ფორმით გაათავისუფლებენ ამაში ჩაჯინებულები არ ვიქნებით”. ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვინც უნდა მომწიფდეს პრინციპული გადაწყვეტილებისთვის, ამხელა ზიანის შემდეგ, რომელიც ქვეყანას მოუტანეს ეს ივანიშვილი და მისი გარემოცვაა. მთელი ეს რიტორიკა რომელიც ქვეყნისთვის საზიანოა, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, როგორ უპასუხისმგებლო ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. ვინაა ბესიკ ბოგველი?! თუ მთავრობა ამ ფორმით გაათავისუფლებს მელიას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, პრინციპული პოზიცია გვაქვს, რომ პოლიტიკური პატიმარია ნიკა მელია, ისევე როგორც გიორგი რურუა. ამ კრიზისის განმუხტვისთვის ერთ-ერთი პუნქტია ამ ორი ადამიანის თავისუფლება და რა ფორმით გაათავისუფლებენ ამაში ჩაჯინებულები არ ვიქნებით, ამ შემთხვევაში თვითმიზანი ეს არ არის”, – განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის სურვილი “ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის” ხელმძღვანელმა ბესიკ ბოგველმა გამოთქვა, რაც ხელისუფლების დადგმული სპექტაკლია.