აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მოსკოვში პრეზიდენტ პუტინთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შესახვედრად ჩავიდა. კერის იმედი აქვს, რომ სირიის კონფლიქტის დარეგულირებაში ვაშინგტონისა და მოსკოვის პოზიციებს შეაჯერებს.
ჯერჯერობით რუსეთსა და აშშ-ს შორის აზრთა სხვადასხვაობა ნარჩუნდება იმ როლის თაობაზე, რომელიც ამ პროცესში პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა უნდა შეასრულოს.
ვაშინგტონს ასადის გადადგომა სურს, რადგან ამის გარეშე ქვეყანაში სამოქალაქო ომის შეწყვეტა შეუძლებელია. რუსეთი კი ამტკიცებს, რომ მისი /ასადის/ ბედი სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზუსტად მოლაპარაკებების დაწყების წინ გააკრიტიკა ამერიკული პოლიტიკა და ვაშინგტონს ბრალი დასდო, რომ „ტერორისტებს კარგებად და ცუდებად ჰყოფს“.
რუსეთი სირიული ოპოზიციური ჯგუფების შეხვედრის შედეგებსაც უარყოფს. ეს ჯგუფები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებების ჩასატარებლად გაერთიანდებიან, მაგრამ ხაზი გაუსვეს, რომ პრეზიდენტ ასადს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა არ შეუძლია.
ცოტა ხნით ადრე ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ მას არ სჯერა სირიაში რუსეთის სტრატეგიის ასეთი სწრაფი ცვლილების, თუმცა, იმედი გამოთქვა, რომ ადრე თუ გვიან, ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მებრძოლ სამხედრო კოალიციას მოსკოვიც შეურთდება.
კრემლის განცხადებით, მათ „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციაზე მიაქვს საჰაერო იერიშები, თუმცა აშშ მოსკოვს, ასადის პოზიციების გამყარების მიზნით, ოპოზიციისა და მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებს.
მოსკოვში თავისი ვიზიტის განმავლობაში კერი სირიაში ამ კვირის ბოლოს დაგეგმილი საერთაშორისო შეხვედრისთვის ნიადაგის მომზადებას შეეცდება.
ამ შეხვედრის ჩატარება რაღაც მხრივ ეჭვქვეშ დგას. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი უარყოფს რუსეთის მტკიცებას, რომ სირიაში შეხვედრის ჩასატარებლად „წინასწარ რაღაც პირობების“ შესრულებაა საჭირო.
სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დიდი ალბათობით 2016 წლის იანვარში შედგება.
კერის ვიზიტის წინ მოსკოვი აცხადებდა, რომ სირიული კრიზისისა და ტერორიზმთან ბრძოლისადმი აშშ-ს პოზიცია კითხვებს აჩენს და რუსულ მხარეს მათზე პასუხის მიღება სურს.
მოსკოვში მოლაპარაკებების მიმდინარეობისას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი უკრაინის სიტუაციასაც განიხილავს.