დღეს ჯავახეთის ქუჩის (ვარკეთილი), 66 ნომრის მოსახლეობამ, “დემოკრატიის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით, თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა. ჯავახეთის ქუჩის ბინადრები მათ უბანში ერთადერთი სკვერის ტერიტორიაზე სამშენებლო ნებართვის გაცემაზე უარის თქმასა და მისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ:
თამაზ ქართველიშვილი (ჯავახეთის ქუჩის მცხოვრები): „ეს ტერიტორია /სკვერის/ 2014 წელს სრულიად უკანონოდ გასხვისდა. მისასვლელი გზებიც არ არსებობდა. 2013 წელს სამგორის გამგეობამ საბავშვო მოედანი გააკეთა, მერე კი თავისი სკვერიანად გაასხვისეს. მას მერე რაც სასამართლოში შევიტანეთ საჩივარი, ქალაქის მთავრობამ ნაწილობრივ მოაგვარა გზების პრობლემა. მერე უკვე ზონალურ საბჭოში შევიტანეთ და წინა მხარეს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიენიჭა – ამ დოკუმენტს ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი აწერს ხელს. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს საბუთი რვა თვეა დევს და საკრებულოში არ გაგზავნილა. საკრებულოსაც მივმართეთ და სხდომაზე განიხილეს ეს საკითხი, მერე მერიას მიმართეს წერილობით, მაგრამ უშედეგოდ – დოკუმენტი მაინც არ გადააგზავნეს“.
ქართველიშვილის თქმით, სკვერის ტერიტორია დაახლოებით ექვს კერძო პირზეა გასხვისებული, მათ შორის ერთი-ერთი, ილია მარიდაშვლი სასამართლოს გზით ცდილობს სკვერს ტერიტორიის დაკანონებას. ქართველიშვილი ამბობს, რომ თუ მან ეს მოახერხა, მაშინ მერიას იმის თქმის საბაბი ექნება, რომ სასამართლოს დასკვნას გვერდს ვერ აუვლის. ამიტომ საჭიროა დოკუმენტი, რომლითაც სკვერი სარეკრეაციო ზონად არის ცნობილი, დროულად გაიგზავნოს საკრებულოში. გარდა ამისა, ასევე ქართველიშვილის სიტყვებს თუ დავეყრდნობით, სკვერში ცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა და რამდენიმე ხე დაიწვა. ჯავახეთის ქუჩის ბინადრები ეჭვობენ, რომ ცეცხლი სკვერის ტერიტორიაზე განზრახ გააჩინეს.
“დემოკრატიის ინსტიტუტის” დამფუძნებელი, ლაშა ჩხარტიშვილი „მეტრონომთან“ საუბარში ამბობს, რომ თბილისის სხვადასხვა პარკებსა და სკვერებში უკანონო მშენებლობის მცდელობები გრძელდება, „რასაც ხშირად, სამწუხაროდ, მერიაც უწყობს ხელს“.
ლაშა ჩხარტიშვილი: „მართალია, ბოლო პერიოდში, ჩვენი ბრძოლის შედეგად, ამ მხრივ გარკვეული მიღწევები არის. ბოლოსდაბოლოს, მერიამ იმგვარი გადაწყვეტილებების მიღება დაიწყო, რომ დაცული იყო ჩვენი კონსტიტუციური უფლება, ვიცხოვროთ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში. ამის მაგალითები არსებობს იგივე ვარკეთილში, დიღომში და ა. შ.. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ტერიტორია რჩება დასაცავი, მათ შორის ჯავახეთის 66 ნომრის მახლობლად მდებარე სივრცე, სადაც მერიამ და გამგეობამ ჯერ ჩვენი ფული სკვერის მოწყობაში გადაიხადეს, მერე კი ეს სკვერი მშენებლობისთვის გაყიდეს. რა თქმაუნდა, ეს არანაირ ნორმაში არ ჯდება და ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ სკვერს რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭოს და მოსახლეობას დარჩეს, რომელსაც ის სასიცოცხლოდ სჭირდება – ისინი აქედან იღებენ ჟანგბადს, ხოლო ჯანმრთელობა და სიცოცხლის უფლება ადამიანის მთავარი უფლებებია“.
ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, მერიამ ბოლო დროს ადამიანის ბაზისური უფლებების დაცვის მხრივ მართალია, გარკვეული ნაბიჯები გადადგა, მაგრამ ადამიანებს ყოველ ჯერზე ბრძოლა არ უნდა სჭირდებოდეთ ამ უფლებების მოსაპოვებლად, რაც უმეტეს შემთხვევაში ასეც ხდება.
იმ შემთხვევაში, თუ მერია მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ჯავახეთის ქუჩის 66 ნომრის მოსახლეები კვლავ გეგმავენ საპროტეტსტო აქციების გამართვას.