საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადებით, ჭყონდიდის ეპარქიაში ილია II-ს ფრესკაზე ვანდალური თავდასხმა არ მომხდარა და ის ნესტმა დააზიანა.
მათი თქმით, ადგილზე მიმდინარეობს მხატვრობისა და ფრესკების გამოკვლევა და საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი.
“ჭყონდიდის ეპარქიიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ ზემოაღნიშნულ სამრეკლოში ვანდალიზმის ფაქტი არ დასტურდება.
როგორც ირკვევა, ამ სივრცეში რამდენიმე წლის წინ გადაწყდა მცირე ტრაპეზის მოწყობა და დაიწყო კედლების მოხატვაც, თუმცა მოგვიანებით სამუშაოები შეჩერდა. იქიდან გამომდინარე, რომ სამრეკლოს ეს სართული სარდაფის ტიპისაა, დროთა განმავლობაში ნესტმა კედლის მხატვრობა დააზიანა და გარკვეულ მონაკვეთებზე საღებავის ჩამოცვენა გამოიწვია.
შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ვანდალიზმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კედლის მხატვრობის ადგილზე გაცნობა, რომლის თაობაზეც დეტალურ ინფორმაციას დაწვრილებით მოგაწვდით.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ცნობა, რომ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთ სამრეკლოში, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის ფრესკა იყო დაზიანებული, რომელიც თავის დროზე ამავე საპატრიარქოს ყოფილ მეუფე პეტრეს (ცაავა) დაკვეთით შეიქმნა.