27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გამოთხოვილი სამედიცინო მონაცემებით გაირკვა, რომ ექთანს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. თუმცა კორონავირუსზე ჩატარებული PCR ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. ახლა ლუგარის ლაბორატორია გარდაცვლილი ექთნის სისხლის ნიმუშს იკვლევს.
27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმეში ასევე 4 მოწმე გამოჩნდა, ვინც იცის მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აცრამდე და რა დახმარება გაეწია ვაქცინაციის შემდეგ. საგამოძიებო მოქმედებები თბილისსა და ახალციხეში ერთდროულად მიმდინარეობს. კლინიკა “იმედის” დირექტორი, რომელმაც ერთხელ უკვე ითანამშრომლა საგამოძიებო უწყებასთან, ამბობს, რომ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.
გარდაცვლილი ექთნის ოჯახის წევრები კი ელოდებიან მედიკოსის სამედიცინო ისტორიის სრულყოფილ მონაცემს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებს და ითხოვენ ობიექტურად წარიმართოს გამოძიება.
ცნობისათვის, 27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია ანაფილაქსიური შოკი დაუდასტურდა, გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ვაქცინაციის ფარგლებში, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკაში ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით ექიმთა კონსილიუმი გაიმართა.
მომხდარის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ექსპერტება მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.
ამასთან, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.