ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს.
კეკელიძე მიმართვაში ამბობს, რომ “გურული დღიურების” ფონდის ფარგლებში დათა პაპას სახელობის სტიპენდია დაწესდება.
ასევე, როგორც გიორგი კეკელიძის პოსტიდან ირკვევა ფონდი სტიპენდიებს ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლების მოსწავლეებს დაუნიშნავს.
“ბევრი ვიფიქრეთ, რა გაგვეკეთებინა ამ დიდი კაცის ხსოვნის პატივსაცემად და მცირე მოვიფიქრეთ. #გურული დღიურების ფონდი დათა პაპას სტიპენდიას დააწესებს და მას ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს დაუნიშნავს პერიოდულად,” – წერს გიორგი კეკელიძე.
შეგახსენებთ, სოფელ ხურვალეთში გამყოფ ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში 19 მარტს გარდაიცვალა. მისი სახლი გამყოფი ხაზის მიღმა მდებარეობს. ვანიშვილთან ხშირად ჩადიოდნენ საქართველოში ჩამოსული უცხოური დიპლომატიური დელეგაციების წარმომადგენლები, რათა გაცნობოდნენ გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებას.
დათა ვანიშვილი დღეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სასაფლაოზე დაკრძალეს.