ახალი ამბები მთავარი სამართალი

კახა საბანაძის შესაძლო მიყურადება-თვალთვალის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის შესაძლო მიყურადება-თვალთვალის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მოკვლევა გუშინ დაიწყო.

ასევე, ქვეყნის მთავარმა საგამოძიებო უწყებამ მოძრაობა “ხალხისთვის ლიდერის,” ანა დოლიძის სახლში ფარული ვიდეოკამერის შესაძლო დამონტაჟებაზეც დაიწყო გამოძება.

„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2021 წლის 22 მარტს გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, “მთავარი არხის” ინფორმაციით,  სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილმა თანამშრომლმა ივანე გულაშვილმა შესაბამისი უწყების დავალებით, პოლიტიკოს ანა დოლიძის საცხოვრებელ სახლში ფარული მიყურადებისა და მოსმენის მიზნით სათვალთვალო კამერა დაამონტაჟა.

დღეს, 23 მარტს, შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე თანამდებობიდან გადადგა.

კახა საბანაძემ თანამდებობა “TV პირველისა” და “მთავარის” ეთერებში გასული ჩანაწერების გამო დატოვა. ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, კახა საბანაძე 20 ივნისის ღამით სამართალდამცველებს მოუწოდებდა, დაეზიანებინათ ხმის გადამცემი, რათა ოპოზიციურ ლიდერებს მომიტინგეებამდე ხმა ვერ მიეწვდინათ.

იტვირთბა....