მთავარმა პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიაში, კერძოდ კი კომისიასთან არსებულ „სწავლების ცენტრში“ ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამ საკითხზე კომენტარისთვის „მეტრონომი“ „სწავლების ცენტრის“ პრესამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ პროკურატურის მიერ საქმის აღძვრის შესახებ ახლახანს შეიტყვეს და მათთვის სრულიად გაუგებარია, რა გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი:
„შევიტყვეთ, რომ პროკურატურაში ძიება დაიწყო სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის საფუძველზე, რომელიც 2013-14 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საგრანტო თანხების ხარჯვას შეეხება. უნდა აღინიშნოს, რომ პროკურატურიდან შემოსული წერილით ითხოვენ ინფორმაციას არა მხოლოდ 2013-14 წლების, არამედ 2010 წლიდან დღემდე საგრანტო კონკურსების შესახებ. ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია /პროკურატურის ქმედებები/, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ არც ამ წლის და არც 2010 წლიდან დღემდე, აუდიტის ანგარიშები დანაშაულის ნიშნების შესახებ დასკვნებს არ შეიცავს.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის თანახმად, საგრანტო კონკურსის ფარგლებში, გამოიყოფა გრანტები, რომელსაც უკვე საგრანტო კონკურსის პირობებში საერთაშორისო ორგანიზაციებისგან დაკომპლექტებული საგრანტო-საკონკურსო კომისია არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასცემს.
„სწავლების ცენტრი“ ამ საგრანტო კონკურსის ორგანიზებას უზრუნველყოფს. მერე კი უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან დაკომპლექტებული კომისია წყვეტს კონკურსანტების – არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგელი პროექტების დაფინანსების საკითხს. სწორედ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით, 13-14 წლების ფარგლებში, ჩვენ როგორც ტელეზივიით მოვისმინეთ, პროკურატურამ აუდიტის ანგარიშების საფუძველზე დაიწყო ძიება“ – ამბობს „მეტრონომთან“ საუბარში ცესკოს „სწავლების ცენტრის“ პრესსამსახურის წარმომადგენელი და დასძენს, რომ „სწავლების ცენტრს“ პირიქით აქვს პრეტენზიები აუდიტის სამსახურთან – ცენტრი მათ ერთ-ერთ ანგარიშს არ ეთანხმება და ამასთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცესია დაწყებული.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრესცენტრში „მეტრონომს“ ასევე დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ მათ პროკურატურისთვის ანგარიშები არ გადაუციათ და ვერც ის დაგვიზუსტეს, რა შეიძლება იყოს ამ ანგარიშებით პროკურატურის დაინტერესების მიზეზი.