“უნდა იყო მოქნილი და დათანხმდე იმას, რასაც შესაძლოა, 100 პროცენტით არ იზიარებდე,”-ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართულ შეხვედრაზე იყო რთული საკითხებიც, რომლებთან დაკავშირებითაც მოკლე დროში შეთანხება ვერ შედგა.
ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ ახლა საჭიროა პაუზა, შემდგომში კი განახლებულ მოლაპარაკებებს ვიხილავთ.
„ჩვენ გვსურდა, რომ წითელი ხაზები არ ყოფილიყო. თუმცა, ცხადია, ყველა მხარეს უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიცია. თუმცა, რეალური წითელი ხაზებისა და წინაპირობების შესრულება რთულია.უნდა იყო მოქნილი და დათანხმდე იმას, რასაც შესაძლოა, 100 პროცენტით არ იზიარებდე. ბევრ საკითხზე შეთანხმება შედგა, როგორც ვიცი, ბევრი თემა არ იყო იოლი, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ შეთანხმება მაინც მოხერხდა. მხარეები იყვნენ მზად კომპრომისისთვის. თუმცა ბოლოს იყო ყველაზე რთული საკითხები და მოკლე დროში ვერ მოხერხდა კომპრომისის მიღწევა. მე ამას ჩავარდნას არ დავარქმევდი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება პაუზა და იმედია, ვნახავთ პროცესის გაგრძელებას და დიალოგის მეორე ფაზას ძალიან მალე,”- განაცხადა ევროპარლამენტარმა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს ქვეყნის და ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, როგორც ევროპარლამენტმა აღნიშნა, ევროკავშირს სურს, იხილოს პარლამენტის სათანადო მუშაობა.
“საბოლოოდ, მონაწილეებმა უნდა გამოავლინონ პოლიტიკური ნება, რომ ისინი მუშაობენ და მოლაპარაკებებში ჩართული არიან მათი ამომრჩევლების ინტერესების დაცვით და ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. ბოლოს ვნახეთ, რომ ყველა არ იყო მოწადინებული გამოსავლის და რეალური შედეგის მიღწევით.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იყო ბოლო მცდელობა ან ვიზიტი თბილისში, მოლაპარაკებები გაგრძელდება. რადგან ჩვენ უნდა მივაღწიოთ საკითხის გადაწყვეტას და უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ, რომ ეს პარლამენტი სათანადოდ მუშაობს. ჩვენ გვსურს ნამდვილი დიალოგის ნახვა, რეფორმების ნახვა, ჩვენ გვსურს, რომ შემდეგი არჩევნები გაიმართოს სხვა პირობებში. და ცხადია, ჩვენ გვინდა მართლმსაჯულების ყოვლისმომცველი რეფორმის ხილვა. ეს ჯერ არ არის მიღწეული, ამიტომ ჩვენ არ დავნებდებით და გამოსავალზე ვიმუშავებთ“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის 10-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფებოდა. მან საქართველო 19 მარტს დატოვა.
მიმდინარე მოლაპარაკებებზე, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმას განიხილავდნენ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.