ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ძალიან კარგად იცოდა, თუ რა რისკები იყო ამ შემთხვევაში”- ეკატერინე ტიკარაძე 27 წლის ექთანზე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 27 წლის ექთნის შემთხვევაში ანამეზი დეტალურად იყო შეგროვებული, რაც ნიშნავს, რომ შემოწმებული იყო ალერგიული ფონი. ამის შესახებ ტიკარაძემ  “ღამის კურიერის” ეთერში 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების თემაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მეგო ბაქრაძე თავად მედიცინის მუშაკი იყო და მოსალოდნელი რისკების შესახებ მისთვის ცნობილი იყო.

“ყველა ქვეყანაში ჩამოყალიბებული არის გარკვეული კითხვარი, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს ანამეზის დეტალურ შეგროვებას. ეს ანამეზი მეგო ბაქრაძის შემთხვევაში შეგროვებული იყო.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მეგო ბაქრაძე იყო სამედიცინო პერსონალი, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში ჩატარებული ჰქონდა გარკვეული მანიპულაციები. და მან ძალიან კარგად იცოდა, თუ რა რისკები იყო ამ შემთხვევაში,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება  გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას მუხლით დაიწყო.

მომხდარის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომაზე ექსპერტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.

ინფორმაციითვის, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.

იტვირთბა....