ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ანაფილაქსიური რეაქციები მილიონიდან ოთხ-ხუთს უდასტურდება” – გაბუნია ექთნის გარდაცვალების ფაქტზე

27 წლის ექთანი, რომელსაც გუშინ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია ანაფილაქსიური შოკი დაუდასტურდა, გარდაიცვალა. აღნიშნულთან ფაქტთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მსგავსი გართულება, გვერდითი რეაქცია მილიონი შემთხვევიდან 4-5 ადამიანს უდასტურდება.

“წინასწარი დიაგნოზი არის მძიმე გვერდითი რეაქცია ანაფილაქსიური შოკი. დღეს ანალიზები კიდევ დამატებით იქნება ჩატარებული იმისთვის, რომ ეს დიაგნოზი გარკვეულწილად დადასტურდეს. “ასტრაზენეკას” ფონზე არის აღწერილი ანაფილაქსიური რეაქციები, ძალიან იშვიათია ეს რეაქციები, – მილიონიდან ოთხი-ხუთი შემთხვევაა. სამწუხაროა, რომ ჩვენთან პირველივე კვირაში დაფიქსირდა ამ ტიპის რეაქცია, თუმცა, ხდება ასეთი რეაქციები. ამდენად ჩვენთვის მთავარია სწორად წარიმართოს მიზეზ-შედეგობრივობის დადგენა, უკავშირდებოდა თუ არა ეს შემთხვევა ვაქცინაციას”, – ამის შესახებ თამარ გაბუნიამ “იმედის” ეთერში განაცხადა.

ცნობისთვის, ვაქცინაციის ფარგლებში, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკაში ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით ექიმთა კონსილიუმი გაიმართა.

მომხდარის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული იმუნიზაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ექსპერტება მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.

ამასთან, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.

 

იტვირთბა....