პირველი აპრილიდან კინოთეატრები და ბავშვთა გასართობი ცენტრები გაიხსნება. ამასთან, ხვალიდან, 19 მარტიდან კვების ობიექტებში დასაშვები ხდება ცოცხალი მუსიკა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა 18 მარტს გაიმართა, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
ამასთან, საბჭომ განიხილა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ასევე ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა და ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლასთან დაკავშირებული საკითხები.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად. საბჭო აკვირდება ვითარებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს მიიღებს არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის ანალიზის საფუძველზე.