“ჩვენ დღეს გვქონდა შეხვერა პატრიარქთან, ამ შეხვედრის მიზანი იყო მისი ინფორმირება დეტალურად, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ეპიდვითარება და როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი, რას მოიცავს ვაქცინაცია, რა რისკები და რა დადებითი შედეგები შეიძლება მას ჰქონდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მათი მხრიდან აღქმულია ის პრობლემები, რაც გლობალურად გააჩნია კოვიდპანდემიას და საპატრიარქო მიესალმება ყველა იმ გონივრულ გადაწყვეტილებას, რაც იქნება გადადგმული მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად.
“შეხვედრა იყო ორმხრივი ინიციატივით, ვინაიდან მეც ვთვლი, რომ გამაჩნია ვალდებულება საპატრიარქო იყოს დეტალურად ინფორმირებული იმ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება. ჩემი მხრიდან თხოვნა შეეხებოდა სოციალური დისტანციისა და ნიღბის ტარებას და ამის მეტად მოწოდებას, როგორც ლოცვებში, ასევე სხვადასხვა ქადაგებებში”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.