კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ამ საკითხზე სინოდის 11 თებერვლის განჩინებით ხელმძღვანელობენ და ეკლესია “პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში,” თეოლოგ ლადო ნარსიასთვის სრულიად მიუღებელია. როგორც მან “მეტრონომს” განუცხადა, საპატრიარქოს ეს დამოკიდებულება და მსგავსი განცხადებები მავნებლური და არაადეკვატურია.
“საპატრიარქოს დამოკიდებულება, რომელიც ეხებოდა კორონავირუსის არსებობას თუ მის მავნებლობას, სრულიად არაადეკვატურია. ეკლესიაში დღემდე არსებობენ ადამიანების მიზრდილი ჯგუფები, მათ შორის სასულიერო იერარქიის, რომელთაც საერთოდ არ სჯერათ, რომ კორონავირუსი არსებობს. რაც არ უნდა სასაცილოდ გვეჩვენებოდეს, ეს არის უმძიმესი მოსასმენი და სრულიად არაადეკვატური, – ეს არის ფსიქოზური გადახრა.
ადამიანთა ერთ ნაწილს საერთოდ არ სჯერა კორონავირუსის არსებობის და შემდეგ ამაზე ძოვს ეკლესია. ასეთი ადამიანების საფუძველზე ეკლესია ავითარებს ხოლმე სამოქალაქო თვალსაზრისით თუ ნებისმიერი თვალსაზრისით, უკიდურესად საზიანო პოლიტიკას, რომელიც ეყრდნობა ასეთ ადამიანებს. ეს არის ორი ურთიერთშეთანხმებული პოლუსი, რომელიც ერთმანეთს ეჭიდება. ეკლესიას საერთოდ არ აინტერესებს საზოგადოების აზრი, რომელიც ამ შემთხვევაში რაციონალურად და სრულიად გასაგებად პოზიციონირებს, რომ ერთ-ერთი გამოსავალი ამ მოცემულობიდან არის ვაქცინაცია. მას ჰყავს მრევლის სახით ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში უსმენს ასეთ უკიდურეს ბოდვებს. ხვალ გამოვლენ და იტყვიან, რომ ეს ვაქცინაცია არის საშინელება, ჩიპიზაცია მოხდება და რეალურად ერთმანეთს აგიჟებენ.
ეს არის ტერმინებით თამაში, ეკლესია რეალურად იგივე აზრზე დარჩა, მაგრამ საზოგადოებას ეს აზრი მოაჩვენა, რომ ეს არის მრავალმხრივი. ამ სისულელეებში ცხოვრობს ქვეყანა, ეს არის უკიდურესად მავნებლური, უპასუხისმგებლო განცხადებები და მას სამწუხაროდ ჰყავს მსმენელი. ვინ უნდა გააბათილოს იმ ექიმების თუ პროფესიული სივრცის განწყობები, რომელიც რელიგიური მღვდლების როლში არიან გამოსული?!” – განაცხადა “მეტრონომთან” ლადო ნარსიამ.
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, განჩინებაში წერია, რომ ეკლესია ვაქცინაციის ნებაყოფლობითობას მიესალმება. გარდა ამისა, განჩინების თანახმად, ეკლესიას მიაჩნია, რომ ადამიანი შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში. მისივე თქმით, ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა.
ცნობისთვის, ამირან გამყრელიძე სინოდსა და მღვდლმთავრებს სთხოვს ვაქცინაციის პროცესში დახმარებას, “გვერდში დადგომას”.
ავტორი: თამარ შუკვანი