ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში” – ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. დეკანოზი საპასუხოდ აღნიშნავს, რომ ეკლესია ვაქცინაციასთან დაკავშირებით სინოდის 11 თებერვლის განჩინებით ხელმძღვანელობს.

როგორც ჯაღმაიძემ თქვა, განჩინებაში წერია, რომ ეკლესია ვაქცინაციის ნებაყოფლობითობას მიესალმება. გარდა ამისა, განჩინების თანახმად, ეკლესიას მიაჩნია, რომ ადამიანი შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში. მისივე თქმით, ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა.

“ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეისათვის ეკლესიას სახელმძღვანელოდ აქვს 11 თებერვლის სინოდის განჩინება, განჩინებაში წერია: მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ – პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში”, – წერს ჯაღმაიძე სინოდის განჩინებაზე.

ცნობისთვის, ამირან გამყრელიძე სინოდსა და მღვდლმთავრებს სთხოვს ვაქცინაციის პროცესში დახმარებას, “გვერდში დადგომას”. 

იტვირთბა....