ახალი ამბები ბლოგები კულტურა

ცუდი დენ ბრაუნი

თავისი უკანასკნელი და ,,რობერტ ლენგდონის სერიებში’’ ალბათ ყველაზე ცუდი წიგნის, ,,დაკარგული სიმბოლოს’’ შემდეგ, დენ ბრაუნი ისევ თავის ნიშაში ჩადგა და მკითხველს დანტე ალიგიერის ,,ღვთაებრივ კომედიაზე’’ დაფუძნებული მორიგი დეტექტიური თრილერი, ,,ინფერნო’’ შესთავაზა.

თავის საუკეთესო მომენტებში ,,ინფერნო’’ ბრაუნის ყველაზე პოპულარულ რომანებს – ,,დავინჩის კოდსა’’ და ,,ანგელოზებს და დემონებს’’ გახსენებს, რომელთა კითხვის დროსაც ერთდროულად აღფრთოვანებული იყავი ისტორიისადმი ავტორის აგდებული, შეიძლება ითქვას ,,ნაგლური’’ დამოკიდებულებით და პარალელურად მთელი სხეულით იძაბებოდი თითქმის უწყვეტი სასპენსის გამო.

ის ინტრიგა, რომელიც კითხვისთვის თავის დანებების საშუალებას არ გაძლევდა და ფინალამდე ისე მიყავდი, ტუალეტში გასვლა და მოფსმაც კი გავიწყდებოდა, ,,ინფერნოში’’ სადღაც სიღრმეში გაიწრიტა და უკანა ფლანგზე გადაინაცვლა. მალევე ირკვევა ისიც, თუ რას ეძებს მთავარი გმირი, რობერტ ლენგდონი. არადა სწორედ პერსონაჟებთან ერთად ძებნა, თავსატეხების ამოხსნა და საიდუმლოს მხოლოდ ბოლოსკენ გაგება იყო აქამდე ,,ერთ დღიანი თრილერის’’ ის მთავარი კომპონენტები, რომელთა გამოც ღირდა მსგავსი ტიპის ლიტერატურის წაკითხვა.

,,ანგელოზების და დემონების’’ მსგავსად, ბრაუნი ,,ინფერნოშიც’’ ცდილობს მეცნიერების და ისტორიის დაჯახებას, თუმცა, ამჯერად ცოტა ზედაპირულად, მშრალად გამოსდის. მთავარი ისტორია, ,,დავინჩის კოდის’’ მსგავსად მხოლოდ ფონად ჩანს; ანტაგონისტის დანტე ალიგიერისადმი ფანატიზმში გადასული სიყვარული კი ყოვლად დაუსაბუთებელი და არადამაჯერებელია. ზუსტად იგივენაირად შეიძლებოდა ნებისმიერ ავტორზე ჩაციკვლა. ის მისტიციზმი, სიმბოლიკა, ნისლი, რომელიც დენ ბრაუნის ადრინდელი რომანების გმირებს თან სდევდა, ,,დაკარგულ სიმბოლოსა’’ და ,,ინფერნოში’’ სულ დაიკარგა.

მთავარი გმირების ირგვლივ ცნობილი იტალიელი მხატვრების, პოეტების, სკულპტორების და მათი ძეგლების სახელები ტრიალებს. ლენგდონი დანტესა და დედამიწაზე მოსახლეობის სწრაფი ზრდის ერთმანეთთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ბრაუნი ისევ და ისევ უკან წევს ამ თემას და იტალიის უნიკალური რელიეფის აღწერას იწყებს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება რომანს გადახდეს, მაგრამ ის სასპენსი, დინამიკა, ექშენი, რომელიც აქამდე ასე თუ ისე შენარჩუნებული იყო ბრაუნის რომანებში, ,,ინფერნოში’’ უბრალოდ ქრება.

ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ავტორს გადახდეს, არა ჩავარდნა, არამედ ,,სიცარიელედ’’ ქცევაა. ჩავარდნის შემთხვევაშიც კი შეიძლება ინტერესის შენარჩუნება, თუნდაც მხოლოდ ნეგატივის ხარჯზე, – ხოლო როცა ავტორი ,,ცარიელ წერტილად’’ იქცევა, მას უკვე ყველა ივიწყებს და წიგნების თაროებზე სულ კუთხეში უჩენს ადგილს.

დენ ბრაუნი კი, არც მეტი, არც ნაკლები – სიცარიელედ გადაიქცა.

იტვირთბა....