ახალი ამბები

ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე, ასევე, მიმდებარე ქუჩებზე გავრცელდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, აღნიშნულ გამზირებზე ათი მუნიციპალური პავილიონი განთავსდება, სადაც მოქალაქეები მათი კუთვნილი ავტომანქანების რეგისტრაციას შეძლებენ.

„დედაქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირების დანერგვა ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. როგორც იცით, გარკვეულ ქუჩებზე ეს სისტემა უკვე მოქმედებს. ჩვენ ამ პროგრამას განვაგრძობთ და ის უკვე ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე, ასევე, მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პარკირება ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ასევე, შშმ  პირებისთვის, ელექტრომობილებისა და A კატეგორიის ტაქსის მფლობელებისთვის, მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე უფასო იქნება.

„ჩვენ აღნიშნულ პროგრამას ეტაპობრივად ვახორციელებთ და საბოლოო ჯამში, ის მთელ ქალაქს მოიცავს. თბილისში, დღეის მდგომარეობით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ფარგლებში, 2 629 ადგილი მოქმედებს, ხოლო ამ ცვლილებით, დაახლოებით, 2 400 ადგილი დაემატება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად კოტე აფხაზის ქუჩაზე, შემდეგ ორბელიანის მოედანზე, ასევე, ვაკისა და საბურთალოს რაიონების გარკვეულ ქუჩებზე ამოქმედდა.

იტვირთბა....