ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სპორტი

რაგბის კავშირის გამგეობა პოლიტიკოსებს არჩევნებში ჩარევისგან თავი შეკავებისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სიტუაცია რაგბის კავშირის ირგვლივ როგორც ჩანს იძაბება.

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ზოგიერთ “თანამდებობრივად გავლენიან გულშემატკივარს” და სხვა გარეშე პირებს მიმართავს თავი შეიკავონ კავშირის პრეზიდენტის არჩევნების პროცესში თავიანთი გავლენის გამოყენებისგან. განცხადებაში დაზუსტებული არ არის, თუ ვისი მხრიდან ან რომელი კანდიდატის სასარგებლოდ ხდება ჩარევა.

“არჩევნების პროცესს ხშირად თან ახლავს გარკვეული სირთულეები, ემოციები და ცალკეულ შემთხვევებში არაჯანსაღი, გაუაზრებელი და ინსტიქტური ქმედებებიც კი. არც ეს არჩევნებია გამონაკლისი. უკვე შეიმჩნევა ზოგიერთი “თანამდებობრივად გავლენიანი გულშემატკივრის” და სხვა გარეშე პირების მხრიდან მისთვის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი გავლენის გამოყენების მცდელობა, რაც სცილდება წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებს და ქმნის სახიფათო პრეცედენტს პატიოსანი თამაშის წესების საწინააღმდეგოდ. უდავოა, რომ საქართველოში რაგბის პოპულარობა არა მხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე ეროვნული ნაკრების წარმატებულმა გამოსვლამ განაპირობა, არამედ იმ ფასეულობების სისტემამ, რაც ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა და აღმოაჩინა სპორტის ამ სახეობაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა, როგორც რაგბის კავშირის საერთო კრების ორგანიზატორი და პასუხისმგებელი ორგანო, უცხადებს თანადგომას და იღებს პასუხისმგებლობას, აღმოუჩინოს დახმარება საქართველოს რაგბის კავშირის ხმის უფლების მქონე ყველა წევრს, მათი ნების გამოვლენისას გარეშე პირთაგან ზეწოლისა და სხვაგვარი იძულების მცდელობის შემხვევაში.

“რაგბი ჩვენი თამაშია – ეს სიტყვები სრულად ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას რაგბის მიმართ, განსაზღვრავს მზადყოფნას იმ ფასეულობათა დასაცავად, რასაც ეს თამაში მოიცავს და რაც აბსოლუტურ თანხვდენაშია მარადიულ ფასეულობებთან. საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა, როგორც რაგბის კავშირის საერთო კრების ორგანიზატორი და პასუხისმგებელი ორგანო, უცხადებს თანადგომას და იღებს პასუხისმგებლობას, აღმოუჩინოს დახმარება საქართველოს რაგბის კავშირის ხმის უფლების მქონე ყველა ნამდვილ წევრს, მათი ნების გამოვლენისას გარეშე პირთაგან ზეწოლისა და სხვაგვარი იძულების მცდელობის შემთხვევაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყველა მცდელობა ცალკეული თანამდებობის თუ გარეშე, ზედმეტად ეგზალტირებული პირებისაგან, მოახდინონ პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზეწოლა რაგბის კავშირის ნამდვილ წევრზე, მიმართული მისი ნების საწინააღმდეგოდ, იქნება მხილებული საჯაროდ”, – წერია განცხადებაში.

ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად გამგეობა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული გაფრთხილების ადრესატი არ არის კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური პარტია, მმართველი პოზიცია თუ ოპოზიცია.

“იგი მიმართულია იმ ცალკეული პოლიტიკური თუ საჯარო თანამდებობის პირის და გარეშე, ზედმეტად ეგზალტირებული პირების მიმართ, ვისაც სურვილი ექნება მოახდინოს ზეგავლენა საარჩევნო პროცესზე. ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ იმ ფასეულობებს, რაც მორაგბეებსა და მათ გულშემატკივრებს აერთიანებს სიტყვებში – რაგბი ჩვენი თამაშია”, – წერენ განცხადების ავტორები.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 20 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს – საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე და მოქმედი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე.

იტვირთბა....