შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გორში წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტოროს პრესსამსახური ავრცელებს.
2001 წელს დაბადებულ ლ.ნ.-ს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ანგარიშსწორების მიზნით, 1990 წელს დაბადებულ ა.ა.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაულები 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.