გერმანიაში დასაქმების მსურველი უამრავია, მაგრამ რეალურად ძალიან ცოტას ეძლევა შანსი, რომ დასაქმების პროგრამაში მოხვდეს. მართალია, კრიტერიუმები წინასწარ განისაზღვრა, თუმცა შერჩევის პროცესში შეიძლება ისეთი ფარული დეტალები გამოიკვეთოს, რასაც განსაკუთრებით მიექცევა ყურადღება. ცხადია, ოფიციალურ დონეზე ამაზე არავინ საუბრობს, თუმცა სპეციალისტებს უკვე აქვთ გარკვეული აზრი ჩამოყალიბებული, თუ ვინ შეიძლება ვერ წავიდეს. ასეთი კი იქნება ყველა, ვისაც სუსტი ფიზიკური მონაცემები აქვს, ასევე ახალგაზრდაა და ნაკლები გამოცდილება აქვს სოფლის მეურნეობაში. ცხადია, პროგრამაში ვერც ის მოხვდება, ვისაც ენის ბარიერი აქვს. ბევრი ისეთი ნიუანსია, რაც პროტოკოლით გაწერილი არ არის, მაგრამ ყურადღებას აუცილებლად მიაქცევენ.
როგორც წინანსწარ ითქვა, ჯერჯერობით 300 სამუშაო ადგილია და რამდენიმე შეიძლება დაემატოს. რაც ზედაპირზე დევს, გასაგებია, მაგრამ შერჩევის პროცესში რა იმოქმედებს და რაზე გაამახვილებენ ყურადღებას, უცნობია. ყოველ შემთხვევაში, თქვენ თუ ხართ ძალიან ახალგაზრდა, სოფლის მეურნეობაში გამოუცდელი, დიდად ვერც ფიზიკური შესაძლებლობით დაიკვეხნით და არც ,,მფარველი“ გყავთ, ვერ წახვალთ გერმანიაში!
ეს რომ ასე იქნება, ეჭვი არ ეპარება ეკონომისტ რამაზ გერლიანს, რომელამაც ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ იმ დამატებით კრიტერიუმებზე ისაუბრა, რის დაკმაყოფილებაც დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მოუწევთ.
,,წამსვლელთა სიის შედგენისას იმოქმედებს ასაკობრივი ბარიერი, გარდა ამისა, ჯგუფში აუცილებელია უცხო ენის ცოდნა. მოთხოვნა ისეთია, ბევრი ვერ მოხვდება სიაში. კონკრეტული კრიტერიუმები, რის დაკმაყოფილებაც მოუწევთ, რთულია. ცხადია, ფიზიკურად ამდენი მოქალაქე შეზღუდვის პირობებში, ვერ მოახერხებს გამგზავრებას.
ნაკლებად ვვარაუდობ, რომ ვალის მქონე ადამიანები ვერ წავიდნენ. რეალურად, ვალთან მიმართებაში პრობლემა არ უნდა იყოს, რადგან თუ ვალი აქვს ადამიანს, მისთვის პროგრამაში მონაწილეობა კარგი შანსია, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ვალდებულებები შეასრულოს. როგორც ვიცით, 100 000 ლარზე მეტი ვალის მქონეები ისედაც ვერ გადაკვეთენ საზღვარს, მათ შორის, ვერც დასაქმების მიზნით. მწეველებზეც არ იქნება შეზღუდვა, მაშინ დისკრიმინაციას ექნება ადგილი, მაგრამ ,,ნაცნობობით“ რომ ბევრი გაემგზავრება, ამის დიდი ალბათობაა“, – აღნიშნა გერლიანმა.
როგორც მან ივარაუდა, აყველაზე მეტად მაინც გამოცდილებას და ფიზიკურ მონაცემებს მიექცევა ყურადღება.
,,საშუალო ასაკის მოქალაქეებს პროგრამაში მოხვედრის მეტი შანსი აქვთ. გამოცდილებასაც ყურადღება მიექცემა და ფიზიკურ მონაცემებსაც. ეჭვიც არ მეპარება, რომ ზეგანაკვეთურ სამუშაზე წავა ყველა. ეკონომიკური კრიზისის გამო ბერს შეუმცირდა შემოსავალი და ამან უფრო გაამწვავა წასვლის სურვილი, მაგრამ ათასობით ადამიანისთვის ეს ოცნება მიუწვდომელი დარჩება “, – დასძინა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ გერლიანმა.
ანალოგიური მოსაზრებისაა აგროექსპერტი, პროფესორი პაატა აროშიძე, რომლის ვარაუდითაც სიების შედგენისას მთავარი კრიტერიუმი იქნება ჯანმრთელობა და შრომისუნარიანობა.
,,პროტოკოლი რამდენიმე პუნქტს მოიცავს, რის დაცვაც სავალდებულოა, თუმცა ყველაზე მეტად საყურადღებო, შეფარვით აქცენტს განსაკუთრებით გააკეთებენ. ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამუშაოს შესრულების უნარი – წინა პლანზე ეს კრიტერიუმები წამოიწევს. არ გამოვრიცხავ, ყურადღება მიექცეს ვაქცინაციასაც, თუმცა მთავარი ჯანმრთელობა და შრომისუნარია. საბოლოო ჯამში, შემრჩევი შრომის ბიურო ვის მიანიჭებს უპირატესობას, ძნელი სათქმელია. დამსაქმებელმა თვითონ იცის, ვინ არის მისთვის ხელსაყრელი სამუშაო ძალა, მაგრამ ვინ იქნება შემრჩევი, ამასაც დიდი მნიშვნელობა ექნება“, – განაცხადა პაატა აროშიძემ.
გერმანიაში სამუშაო ძალის მიმართ არსებული სტანდარტი და მოთხოვნები კარგად ცნობილია ქართველი ემიგრანტებისთვის, რომლებიც იქ წლობით ცხოვრობენ და ფიზიკური შრომით ირჩენენ თავს. ერთ-ერთ ასეთ ემიგრანტს, რაულ სორდიას ,,ბიზნეს-რეზონანსი“ სოციალური ქსელის მეშვეობით დაუკავშირდა. როგორც სორდიამ აღნიშნა, 15 წელზე მეტია გერმანიაში ცხოვრობს და კერძო კომპანიის თანამშრომელია.
პასუხისმგებლობა, სუფთა ბიოგრაფია და კომპეტენტურობა – ეს სამი ძირითადი ფაქტორია, რასაც ქართველი ემიგრანტის თქმით, გერმანელი დამსაქმებლები ყველაზე მეტად აქცევენ ყურადღებას.
,,მნიშვნელოვანია სამუშაო გამოცდილება და შესაბამისი უნარ-ჩვევები, ასევე ფიზიკური მონაცემები და პასუხისმგებლობა, რის გარეშეც გერმანიაში დასაქმების ალბათობა მინიმალურია. ვფიქრობ, კონკრეტულ სიტუაციაში ამ ფაქტორებს გადამწყვეტი გავლენა ექნება კანდიდატების შერჩევისას. მნიშვნელობა აქვს როგორია ადამიანის ბიოგრაფია, ცხადია, პროგრამაში მონაწილეობისას ამის განსაზღვრა რთული იქნება, შეიძლება ვერ მოხერხდეს, მაგრამ ამ კრიტერიუმს აქ ძალიან ექცევა ყურადღება.
რაც ჩემი გამოცდილებიდან ვიცი და მინახავს, სამსახურში აყვანისას ძირფესვიანად სწავლობენ ადამიანს, გერმანელი ისე არ დაგასაქმებს, რომ არ იცოდეს, ვინ ხარ და წარმოდგენა არ ჰქონდეს შენს წარსულზე, გამოცდილებასა და პასუხისმგებლობიანობაზე. რაღაც დონეზე მაინც, ენის ცოდნა აუცილებელია. ძალიან ფრთხილობენ მუშის აყვანის დროს და საბუთების მწყობრში ყოფნას სთხოვენ სპეციალურ კომისიას, ვისაც ადამიანების შერჩევა ევალება.
რაც შეეხება გერმანიაში დასაქმებას, ვინც ამას მოახერხებს, ვთლი, რომ ძალიან გაუმართლებს, რადგან აქაური დამსაქმებლები განსაკუთრებით გამორჩეულები არიან. აფასებენ კეთილსინდისიერ ადამიანს და პატივისცემით ეპყრობიან თითოეულ მუშას“, – განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს“ გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა.
გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების ფარგლებში ქართველებისთვის ამჟამად 300-მდე ვაკანსია გამოიძებნა. იქ მუშაობის სურვილი კი საქართველოს 96 000-მდე მოქალაქეს აქვს. ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოში ვაკანსიების რაოდენობის ეტაპობრივ ზრდას ელიან.
წყარო: “რეზონანსი”