ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რატომ არ აიცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას‘ ვაქცინით.
როგორც “დღის კურიერში” მინისტრმა განაცხადა, შემოსული დოზები გათვლილია მედიცინის მუშაკებისთვის და მისი გადაწყვეტილება “ასტრაზენეკას” ვაქცინის ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში დროებით შეჩერებას არ უკავშირდება. .
ტიკარაძის თქმით, ექიმების აცრა პრიორიტეტია და ამიტომ ის საკუთარ ვაქცინას მათ უთმობს.
“არა, ეს არ არის მიზეზი, რატომაც არ გავიკეთე ვაქცინა, თუმცა, პრობლემას ვერ ვხედავ, თუ საზოგადოებაში კითხვებს ბადებს ეს ფაქტი, რომ უახლოეს პერიოდში გავიკეთო აცრა. მომავალშიც შემოვა საქართველოში ვაქცინები, მაგალითად, ჩინური ვაქცინა, რომელთანაც შეიძლება არსებობდეს კითხვები, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ან სხვა საჯარო მოხელემ საჯაროდ გაიკეთოს. აცრები უნდა იყოს დაცული და არ შეიძლება მათი არევა, აქედან გამომდინარე, ჩემთვის ესეც ძალიან საინტერესოა.”, – განაცხადა “დღის კურიერში” ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, 15 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინის 43 200 დოზა ქვეყანაში 13 მარტს შემოიტანეს, რომელიც თავდაპირველად მედპერსონალისთვისაა გათვლილი.
15 მარტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლები მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე, ასევე ექიმები კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრნენ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “ასტრაზენეკას” მიღების შემდეგ გამოწვეული გართულებების არსებობა უარყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც “ჯანმო” და ვროპის წამლის რეგულირების სააგენტო „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და გამოვლენილ მოვლენებს შორის, კონკრეტულად თრომბოემბოლიურ გართულებებთან კავშირს არ ადასტურებს.