ახალი ამბები მთავარი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი დავით ჭოჭუა გარდაიცვალა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი და ინტელექტუალური კლუბის “რა? სად? როდის?” წევრი დავით ჭოჭუა გარდაიცვალა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს დავით ჭოჭუას გარდაცვალების გამო.

“ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი დათო ჭოჭუა აღარ არის ჩვენთან. ძალიან დაგვამძიმა ცნობამ მისი გარდაცვალების შესახებ. გამორჩეული ადამიანი, კეთილშობილი, ერთგული, უაღრესად ნიჭიერი. ყველას დაგვაკლდება – მის კოლეგებს, მეგობრებს, უამრავ სტუდენტს. ძალიან უყვარდა თავისი სამშობლო, ჩვენ დავკარგეთ კიდევ ერთი პატრიოტი, რომელიც ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა თავისი ქვეყნისთვის. ნათელში იყოს მისი სული. ჩვენი ფიქრები დათოსთანაა”, – ვკითხულობთ  facebook-ში სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დავით ჭოჭუა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა. ის სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილედ, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწედ, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის პროექტის ანალიტიკოსად. ასევე ეუთო-ს გენერალური სამდივნოს ანტიტერორისტულ განყოფილებაში. ჰქონდა არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

დავით ჭოჭუა გულის შეტევით გარდაიცვალა.

იტვირთბა....